LIVE

კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის პოპულარიზაციისთვის $1 მილიარდიანი სარჩელი ემუქრება

30 ნოე 202313:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 333
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის პოპულარიზაციისთვის $1 მილიარდიანი სარჩელი ემუქრება

ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს კრიპტობირჟა Binance-ის პოპულარიზაციის გამო აშშ-ში სარჩელი ემუქრება. მოსარჩლეების განცხადებით, ფეხბურთელის მიერ კრიპტობირჟის მხარდაჭერამ მათ წამგებიანი ინვესტიციის გაკეთებისკენ უბიძგა. ისინი $1-მილიარდიანი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

Binance-მა რონალდუსთან თანამშრომლობა 2022 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველი NFT-ი, ციფრული ტოკენი, სახელად „CR7“ გამოუშვა. ფეხბურთელის სახელისა და მაისურის ნომრის ინიციალების ბრენდირება მანამდეც არაერთი კომერციული პროდუქტისთვის გამოიყენებოდა, მაგალითად, სპორტული ფეხსაცმლისთვის და სუნამოსთვის. ამან კი ფეხბურთელს ყველაზე მდიდარი სპორტსმენის სტატუსი მოუტანა.

ბრენდირებული ინიციალების NFT-ის სახით გამოშვების შემდეგ კი, კრიშტიანუმ ფანებსა და ინვესტორებს ვიდეო მიმართვით მოუწოდა, რომ ეს შეცვლიდა „NFT ბაზრის თამაშის წესებს და ფეხბურთს ახალ საფეხურზე აიყვანდა“. 2022 წლის ნოემბერში კოლექციიდან ყველაზე დაბალფასიანი  ციფრული ტოკენის ფასი $77 იყო, თუმცა ერთი წლის შემდეგ ღირებულება $1-მდე დავარდა.             

როგორც მოსარჩლეები, ისე აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) აცხადებენ, რომ რონალდუს უნდა გაესაჯაროებინა ინვესტირების ხელშეწყობისთვის, რა რაოდენობის ანაზღაურებას იღებდა.

„როდესაც ცნობილი სახეები მხარს უჭერენ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის კრიპტო-აქტივების ფასიან ქაღალდებს, ინვესტორებმა ყურადღებით უნდა განსაზღვრონ სწორ ინვესტირებას აკეთებენ თუ არა. ასევე, მათ უფლება აქვთ იცოდნენ ესა თუ ის ცნობილი ადამიანი რატომ არეკლამებს კონკრეტულ საინვესტიციო შესაძლებლობას“, - განაცხადა SEC-ის თავმჯდომარემ, გარი გენსლერმა.

სარჩელის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არც ფეხბურთელი ან მისი წარმომადგენლები და არც Binance-ი არ აკეთებენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას Binance-ის აღმასრულებელმა, ჩანგპენგ ჟაომ ფინანსური დანაშაული აღიარა და პოზიციიდან გადადგა. Binance ჯარიმის სახით $4.3 მილიარდს გადაიხდის, თავად ჟაო კი $50 მილიონის გადახდას დასთანხმდა. ბირჟა ფულის გათეთრების, თანხის არალიცენზირებული გადაცემისა და სანქციების დარღვევაში მონაწილეობას აღიარებს.