LIVE

ADB საქართველოში განვითარების დახმარების გაძლიერებას გეგმავს

29 ნოე 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 193
ADB საქართველოში განვითარების დახმარების გაძლიერებას გეგმავს

აზიის განვითარების ბანკი (ADB) გეგმავს გაზარდოს საქართველოს განვითარების დახმარება უფრო დივერსიფიცირებული მიდგომებით, - ამის შესახებ ADB-ის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ დღეს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში შედის და მუშაობს განვითარების არეალების გასაფართოებლად. ეს მოიცავს ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას. ასევე ბანკი მთავრობასთან ინოვაციური ენერგიის სააკუმულატორო ინოვაციურ პროექტზე მუშაობს. 

როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი, ADB ასევე მზადაა საქართველოს დაეხმაროს მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების უფრო მედეგ და ინკლუზიურ განვითარებაში, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 2030 ხედვასთან, კლიმატის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან. 

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საქართველოს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, ბანკის მხარდაჭერით, განხორციელდა პროგრამები წყლისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის ისეთი პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფანი. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა $4.7 მილიარდს შეადგენს.

ADB 1966 წელს დაარსდა და აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.