მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერები თხილის სუბსიდიით 2024 წელსაც ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეთხილე ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.2-დან 3 ჰა-მდე თხილის ბაღი, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. ამ მიზნით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა, სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მიზნობრივი პროგრამა 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით, თხილის კადასტრში, 90 000-მდე მოსარგებლის, 44 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა.
სამინისტროს განცხადებით, წელს ფერმერებმა თხილის ბაღების მოვლის საშუალებების შესაძენად, დაახლოებით 21 მილიონი ლარის დახმარება მიიღეს.