ანტუან არნო ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Berluti-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან ის კომპანიის თავმჯდომარე გახდება, მის ადგილს კი საიუველირო ბრენდის, Chaumet-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟან-მარკ მანსველტი დაიკავებს.
Chaumet, ისევე როგორც, Berluti ფრანგული ფუფუნების ბრენდის, LVMH-ს შემადგენლობაშია. LVMH-ის ხელმძღვანელი მსოფლიოს მე-2 უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნოა. მის შვილთან, ანტუან არნოსთან დაკავშირებული საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, გააცოცხლებს 74 წლის მილიარდერის მემკვიდრეობის შესახებ დისკუსიას.
ანტუან არნო 2011 წლიდან Berluti-ს აღმასრულებელი დირექტორია. ის ასევე შეინარჩუნებს Loro Piana-ს თავმჯდომარის პოსტს. 46 წლის არნო Christian Dior-ის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორიცაა. ორივე ბრენდს ასევე LVMH აკონტროლებს.
LVMH სულ 75 ბრენდს აერთიანებს. HSBC-ის თანახმად, Berluti კონგლომერატის ტოპ 10 კომპანიაში არ შედის. ფეხსაცმლის ბრენდი, რომელსაც ოდესღაც მსახიობი მარჩელო მასტროიანი და მხატვარი ენდი უორჰოლი ატარებდა, ცნობილია 2090-ევროიანი ტყავის ე.წ. monk ფეხსაცმლით და ასევე შეკვეთით დამზადებული მოდელებით. Berluti ასევე ქმნის მამაკაცის ტანსაცმელს, აქსესუარებს და ჩემოდნებს.
ანტუან არნოს და, 48 წლის დელფინი, რომელიც ხუთი და-ძმიდან უფროსია, Dior-ს ხელმძღვანელობს. 31 წლის ალექსანდრე არნო, Tiffany & Co-ს პროდუქციაზე და კომუნიკაციებზეა პასუხისმგებელი, 29 წლის ფრედერიკი საათების ბრენდის Tag Heuer-ის აღმასრულებელი დირექტორია, 25 წლის ჟან არნო კი პასუხისმგებელია Louis Vuitton-ის საათების კატეგორიის განვითარებაზე.