LIVE

18-მეტრიანი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს

22 ნოე 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 655
18-მეტრიანი ავტობუსები 12-მეტრიანებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ავტობუსებს ოთხ მარშრუტზე - N301, N302, N308 და N314 ჩაანაცვლებს. კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად 55 ათასი მგზავრობა ფიქსირდება.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 18-მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნება.

"ახალი ავტობუსები იმოძრავებს წინასწარ განსაზღვრულ დერეფნებზე, რომელიც საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად კვლევის შედეგად, მაღალი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით შევარჩიეთ. 

ახალი ავტობუსის მაღალი ტევადობის გათვალისწინებით, მარშრუტის გამტარუნარიანობა 50%-ით გაიზრდება. გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები კი დაემატება სხვადასხვა მარშრუტს, რითაც შემცირდება ამ ხაზებზე მოლოდინის დრო, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 40%-ით“,- აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება გამოთავისუფლებულ 12-მეტრიან ავტობუსებს, ისინი დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 305, 307, 309, 310, 311, 313, 315, 319, 320, 321, 323, 326, 336, 339, 351, 370, 372, 381, 385, 388 და 393. აღნიშნულ მარშრუტებზე დღიურად, ჯამში, 212 167 მგზავრობა ფიქსირდება, რაც ქალაქში ავტობუსით მგზავრობის საერთო რაოდენობის თითქმის 50%-ს შეადგენს.

მერიის ინფორმაციით, N387 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება 12-მეტრიანებით, რის შედეგადაც გამტარუნარიანობა გაიზრდება 70%-ით, ხოლო N293 მარშრუტზე 8-მეტრიანი ავტობუსების ჩანაცვლებით, შემცირდება მოლოდინის დრო და გამტარუნარიანობა გაიზრდება 155%-ით.

160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა და სატრანსპორტო სქემით დადგენილი 10 ძირითადი დერეფნის სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება.