LIVE

თბილისში MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დეკემბრიდან დაიწყება

07 ნოე 202312:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 369
თბილისში MAN-ის 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა დეკემბრიდან დაიწყება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც მიუნხენში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიუნხენში, კომპანია MAN-ის  წარმომადგენლებს შეხვდა.

კალაძის თქმით, თბილისში ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება, რაც გადაჭედილ ავტობუსებს განტვირთავს.

„დღეს მიუნხენში ვიმყოფებით, სადაც ვნახეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც თბილისისთვისაა განკუთვნილი. 160 ერთეული ავტობუსი შევიძინეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელშეწყობა. დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ადამიანები თავისუფლად გადაადგილებოდნენ. დღეს გვაქვს გარკვეული გამოწვევები - ვხედავთ გადაჭედილ ავტობუსებს. 18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ქალაქს ახალი ავტობუსები და  მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი იყო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოიყვანა, რაც მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. აღნიშნული ავტობუსები როგორც ვიზუალურად მოუხდება ქალაქს, ასევე, მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი.  ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ტრანსპორტში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო,  საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას.

თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული ავტობუსის შემოყვანა თბილისში ეტაპობრივად იგეგმება და 2024 წლის ბოლომდე თბილისს ეყოლება კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 400-მდე ავტობუსი, რაც მთლიანი საავტობუსე პარკის დაახლოებით 40% იქნება.