LIVE

ევროზონის ბანკები მილიონობით ევროს არასათანადო IT მომსახურების გამო კარგავენ - კვლევა

18 ნოე 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 332
ევროზონის ბანკები მილიონობით ევროს არასათანადო IT მომსახურების გამო კარგავენ - კვლევა

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) თანახმად, 2022 წელს ევროზონაში კომერციულმა ბანკებმა, აუთსორსი IT კომპანიებისგან არასათანადო მომსახურების მიღების გამო, €148 მილიონი იზარალეს. ბანკის ინფორმაციით, ეს მონაცემი წლიურად 360% არის გაზრდილი.

ECB-მ გამოკითხვა თავისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ 22 ბანკში ჩაატარა, რათა დაედგინა თუ როგორ უმკლავდებიან ჰაკერულ თავდასხმებს, მოძველებულ სისტემებსა და აუთსორს კომპანიებთან წარუმატებელი თანამშრომლობის რისკებს.

„ყველაზე დამაზარალებელ პრობლემად აუთსორსინგის მომსახურებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ან ცუდი გამოცდილება დასახელდა. ეს დანაკარგები ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია იმ რისკების გათვლა, რაც სერვისის მიმწოდებლებზე დამოკიდებულებისგან წარმოიქმნება“,- აღნიშნულია ევროპის ცენტრალური ბანკის საინფორმაციო წერილში.

ECB-მ განმარტა, რომ აუთსორს კომპანიებთან წარუმატებელი თანამშრომლობით მიღებული დანაკარგები კონკრეტულად რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტიტუციაში გამოიკვეთა, შესაბამისად, მთლიანი სექტორის ტრენდს არ წარმოადგენს. თუმცა კვლევის მიგნებებიდან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბანკებს ძირითადად უჭირთ IT უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების ამოცნობა და, შესაბამისად, გადაჭრა.

„ფუნდამენტური ხარვეზები იმაზე სერიოზული და მასშტაბურია, ვიდრე გვეგონა. თუმცა ველით, რომ ჩვენი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ“,- განაცხადა ECB-მ.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე ბანკებმა ევროპის ცენტრალური ბანკისგან უკვე მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.