
PMC კვლევითი ცენტრის მაკრო მიმოხილვის თანახმად, ეროვნული ბანკის ქმედებებმა, სებ-ის დამოუკიდებლობასა და ფინანსური სტაბილურობის მომავალთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.
მიმოხილვის მიხედვით, სიტუაციის დასტაბილურებისთვის სავალუტო ბაზარზე სებ-ის ინტერვენცია გახდა საჭირო, რამაც რეკორდულად მაღალი სავალუტო რეზერვები შეამცირა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გააჩინა კითხვები სებ-ის დამოუკიდებლობასა და ფინანსური სტაბილურობის მომავალთან დაკავშირებით. ხოლო სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, სავალუტო ბაზარზე საჭირო გახდა სებ-ის ინტერვენცია.
2023 წლის აგვისტოში ოფიციალურმა საერთაშორისო რეზერვებმა ყველა დროის მაქსიმუმს, $5.4 მილიარდს მიაღწია. თუმცა, ეროვნული ბანკის აქტივობიდან გამომდინარე, გაცვლითი კურსის მერყეობის სტაბილიზაციისთვის, სებ-მა ლარი შეისყიდა. შესაბამისად, ოფიციალურმა საერთაშორისო რეზერვებმა $164 მილიონით დაიკლო და 2023 წლის სექტემბრისთვის $5.3 მილიარდამდე შემცირდა“, - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მაკრო მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავას მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, ეროვნული ბანკიდან კადრების გადინება დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ შეიტანა.
ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო. თანამდებობები დატოვეს ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა და სებ-ის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ქუსიკაშვილმა.