LIVE

გენდერული უთანასწორობა ტექნოლოგიების დარგში - სად დგას საქართველო

25 აპრ 202516:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 108
გენდერული უთანასწორობა ტექნოლოგიების დარგში - სად დგას საქართველო

ნოვაციები, პროგრესი და გარდამტეხი ცვლილებები პირველ რიგში ტექნოლოგიურ სექტორთან ასოცირდება. თუმცა,  გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მხრივ ეს სექტორიც კი კვლავ საგრძნობლად ჩამორჩება. ევროპის მასშტაბით ქალები კვლავ მნიშვნელოვნად ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორში, განსაკუთრებით ლიდერულ პოზიციებზე. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მონაცემები  ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, ტენდენცია ერთგვაროვანია: ესტონეთი, პორტუგალია თუ საქართველო — ყველა მათგანის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ქალების პოტენციალი ჯერაც სრულად არ არის ათვისებული.

მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოში ქალების მონაწილეობა ICT სექტორში კვლავ დაბალია. კულტურული სტერეოტიპები, დაფინანსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ქალი როლური მოდელების ნაკლებობა კვლავ ბარიერად რჩება,  განსაკუთრებით ტექნიკურ და ხელმძღვანელ პოზიციებზე. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2023 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ICT სექტორში დასაქმებული ქალები ძირითადად არატექნიკურ პოზიციებზე მუშაობენ, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები პოზიციები  კვლავ მამაკაცებს უკავიათ.

სხვა სურათია ესტონეთში, სადაც ქალი დამფუძნებლების რიცხვი სტარტაპ ეკოსისტემაში იზრდება, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და განათლების ტექნოლოგიების სფეროებში. გასული წლის მონაცემებით, ესტონეთში ყოველი მეხუთე სტარტაპი ქალის თანადამფუძნებელია, ხოლო ზოგ მიმართულებაში  ქალი დამფუძნებლების წილი 30%-ს აღწევს.  თუმცა, ამ პროგრესს ჯერაც არ მიუღწევია აღმასრულებელ დონეზე. ასევე პრობლემად რჩება IT-სა და ინჟინერიაში ქალთა განათლების დაბალი წილიც.

პორტუგალიაში  ქალების წარმომადგენლობა მეცნიერებისა და ინჟინერიის სფეროებში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია  - 51%.  მიუხედავად ამისა, სტარტაპების დამფუძნებელთა შორის ქალების წილი 10%-ზე ნაკლებია, ხოლო ავტომწარმოებელ სექტორში ქალები კვლავ უმცირესობას წარმოადგენენ. 

ამ საერთო, თუმცა განსხვავებული გამოწვევების ფონზე შეიქმნა INFIMO-ს ქალთა ტექნოლოგიური კოორდინაციის ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიების სფეროს ლიდერ ქალებს საქართველოს, ესტონეთის და პორტუგალიის ტექნოლოგიური და ავტოინდუსტრიის კლასტერებიდან. 

ჯგუფის  საერთო მიზანია,  პარტნიორი კლასტერების სერვისების და შიდა ორგანიზაციული პოლიტიკის მორგება გენდერული თანასწორობის პრინციპებთან და ამ გზით წვლილის შეტანა გენდერულად მგრძნობიარე ინოვაციური ლანდშაფტის განვითარებაში.

პლატფორმის ფარგლებში, ქალმა პროფესიონალებმა ერთობლივად შეიმუშავეს პარტნიორ კლასტერებში ქალთა გაძლიერების სტრატეგია, რომელიც მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის გადახედვას, გენდერული საჭიროებების ინტეგრაციას, ხელფასების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და ლიდერობის განვითარების პროგრამებზე წვდომას. მათი ხედვით, ამ მიდგომების სისტემური დანერგვა ტექნოლოგიურ სექტორს ქალებისთვის არა მხოლოდ ხელმისაწვდომს, არამედ სამართლიანსა და სტაბილურად მზარდს გახდის.

INFIMO-ს ქალთა კოორდინაციის ჯგუფის მთავარი გზავნილი მარტივ, მაგრამ ძალიან ძლიერ შინაარსს ატარებს: ტექნოლოგიის მომავალი უნდა ასახავდეს მთლიანად საზოგადოების პოტენციალს — და არა მხოლოდ მის ნახევარს!

ავტორი: საქართველოს ICT კლასტერი

ქალთა ტექნოლოგიური საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა პროექტის "ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური ინოვაციების ეკოსისტემები, ფოკუსირებული ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მობილობაზე" (INFIMO) ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია Horizon Europe-ის მიერ