LIVE

კონკურენციის სააგენტო: USA2GEORGIA-მ მომხმარებლების უფლებები დაარღვია

07 ნოე 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 845

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაადგინა. საკითხი კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიუწოდებლობას, უსამართლო სტანდარტულ პირობებსა და უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან უსამართლო საქმიანობას ეხება.

სააგენტოს განცხადებით, USA2GEORGIA-მ მომხმარებელს დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა გადასაზიდი ამანათების მაქსიმალური წონის, ელექტროტექნიკისა და ელექტრონაწარმის განმარტების შესახებ.

ამასთან, სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია ხელშეკრულების სტანდარტული პირობა, რომელიც მომხმარებლისთვის არ არის სრული, ადვილად აღქმადი და გასაგები.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის შესწავლის პროცესში დაადგინა, რომ მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისათვის მიწოდებულ ინფორმაციაში ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები იყო გამოტოვებული, რომლის ცოდნის შემთხვევაშიც, შესაძლოა მომხმარებელს ხელშეკრულებით არ ესარგებლა.  

სააგენტოს გადაწყვეტილებით, USA2GEORGIA-მ ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები უნდა აღადგინოს და ამასთან თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მოთხოვნებს უნდა შეუსაბამოს.