LIVE

გამოძიების ფონზე, iPhone-ის მწარმოებელი Foxconn-ის გაყიდვები იკლებს

06 ნოე 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 283
გამოძიების ფონზე, iPhone-ის მწარმოებელი Foxconn-ის გაყიდვები იკლებს

iPhone-ის უმსხვილეს მწარმოებლის, Foxconn-ის წინააღმდეგ გამოძიება ჩინეთში Apple-ს პოზიციებს ასუსტებს. 

კერძოდ, ჩინური Foxconn-ის შემოსავლები ოქტომბერში 4.6%-ით შემცირდა და $23 მილიარდი შეადგინა. მიზეზად ჩინეთის მიერ კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება სახელდება, რომელიც საგადასახადო აუდიტის მიერ შემოწმებას მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების შემცირება Foxconn-ის შვილობილმა კომპანია, Hon Hai Precision Industry-მ აჩვენა, რომელიც წლის ამ პერიოდში ყველაზე დატვირთული საწარმოა. სექტემბერში ახალი iPhone 15-ს გამოჩენასთან ერთად, კომპანია დეკემბრის ბოლოსთვის „მნიშვნელოვანი ზრდის პერსპექტივას“ მაინც ხედავს.

„ოპერაციები თანმიმდევრულად გაიზრდება“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში, სადაც დეტალები არაა განმარტებული.

გამოძიება ჩინეთში Apple-ის პოზიციებს მისთვის უმსხვილეს საერთაშორისო ბაზარსა და წარმოების ბაზაზე შესამჩნევად ასუსტებს. ჩინეთზე Apple-ის გაყიდვების დაახლოებით მეხუთედი მოდის.

ცნობისთვის, ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, Foxconn-ის შვილობილ კომპანიებში მარეგულირებლებმა საგადასახადო აუდიტი ჩაატარეს. ასევე, გამოძიება დაიწყო საწარმოების მიწათსარგებლობის შესახებაც. Hon Hai Precision Industry-მ განაცხადა, რომ მზადაა ჩინეთის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.