საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3%), პირადი ჰიგიენა (5.7%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.4%).
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6%-ით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.8%), ისე ალკოჰოლური სასმელების (6.4%) ქვეჯგუფებზე.
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 4.2%-ით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9%).
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2%-ით. ფასებმა მოიმატა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.2%).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2%-იანი კლება. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:
- ზეთი და ცხიმი - კლება 24.4%;
- პური და პურპროდუქტები - 8.8%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 2.9%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1.2%.
ამასთან, ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ხილი და ყურძენი - ზრდა 15.3%;
- თევზეული - 6.9%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 6%;
- ხორცი და ხორცპროდუქტები - 5.9%.
ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის საბაზო პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაცია საშუალოდ 1%-მდე გაიზრდება.
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოდ 3.6% იქნება.