LIVE

სებ: 2024 წლის I ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბებს და 3.6% იქნება

28 ოქტ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 451
სებ: 2024 წლის I ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბებს და 3.6% იქნება

ეროვნული ბანკის საბაზო პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოდ 3.6% იქნება. 

სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაცია საშუალოდ 1%-მდე გაიზრდება.  

„საბაზო პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ დონეზე დაბლა შენარჩუნდება, თუმცა იგი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას წინა კვარტალში მოველოდით. კერძოდ, წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 1%-მდე გაიზრდება. 

2024 წელს, ძირითადად, საბაზო ეფექტის გამო, ის მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საშუალოდ 3.6%-ს შეადგენს. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.

მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.7% შეადგინა.