LIVE

მარკ მატეშიცმა Red Bull-ისგან €582 მილიონის დივიდენდი მიიღო

05 ნოე 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 487
მარკ მატეშიცმა Red Bull-ისგან €582 მილიონის დივიდენდი მიიღო

Red Bull-ის ავსტრალიელი ინვესტორის მემკვიდრემ, მარკ მატეშიცმა კომპანიის გადაბარების შემდეგ პირველად, €582 მილიონის დივიდენდი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი ინვესტორისთვის ეს ყველაზე დაბალი დივიდენდია ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც გასული წლის მოგების შეფერხებას ნათლად წარმოაჩენს. მარკეტინგსა და წარმოებაში გაზრდილმა ხარჯებმა კომპანიის 24%-იანი შემოსავლების ზრდა გადაფარა და წმინდა მოგება შეანელა. 

მიუხედავად ამისა, გასულ წელს კომპანიამ მაინც შეძლო €1.56 მილიარდიანი მოგების ნახევარი აქციონერებს შორის გადაენაწილებინა.  მატეშიცს, რომელიც კომპანიის 49%-იან წილს ფლობს, €383 მილიონი ერგო. კომპანიის წილების 51% ტაილანდელ, იოვიდიას ოჯახს ეკუთვნის.

კომპანიის მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, რაც ავსტრიული მფლობელებისთვის წილობრივად უფრო მეტის გადახდას გულისხმობს, მარკ მატეშიცმა კუთვნილ თანხაზე €199 მილიონით მეტი მიიღო. ტაილანდელ მეწილეს, ჩალერმ იოვიდიას კი დამატებით €3.17 მილიონი გადაუხადეს. 

მატეშიცმა კომპანია 2022 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა. მან ახალი მენეჯმენტი დანიშნა. მაგალითად, სტრატეგიული ინიციატივების მიმართულება Red Bull-ი საფეხბურთო კლუბის ყოფილ ხელმძღვანელს, ოლივერ მინცლაიფს ჩააბარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მატეშიცმა კომპანიის გადაბარების შემდეგ, Forbes-ის ახალგაზრდა მილიარდერებს შორის, $34,7 მილიარდიანი ქონებით, პირველი ადგილი დაიკავა. ამჟამად, 31 წლის მატეშიცი მილიარდერთა გრძელ სიაში 37-ე ადგილს იკავებს. 

Red Bull-ი წმინდა ბრუნვის თითქმის მეოთხედს მარკეტინგულ ინიციატივებზე ხარჯავს. კომპანია ფლობს ფორმულა 1-ის გუნდს, მასპინძლობს ექსტრემალური სპორტის ღონისძიებებს და სპონსორობას უწევს ისეთ წამყვან სპორტსმენებს, როგორებიცაა ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი და ალპური სათხილამურო მრბოლელი, ლინდსი ვონი. გასულ წელს Red Bull-ის სპონსორობისთვის გაწეულმა ხარჯებმა €1 მილიარდს გადააჭარბა.