LIVE

თბილისის ტექნოპარკში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომია

02 ნოე 202316:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
თბილისის ტექნოპარკში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ხელმისაწვდომია

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ტექნოლოგიური პარკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა.

ამასთან, ქვეყნის ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში Starlink-ის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს.

„Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას წინ უძღოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის აქტიური კომუნიკაცია კომპანია SpaceX-სთან, რომელსაც Starlink-ის პროექტი ეკუთვნის. აღნიშნული შეხვედრების შედეგად, საქართველო განხილულ იქნა რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდიდა. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა საქართველოს ტექნოპარკები პარტნიორების პროგრამაში ჩასვა, რაც უზრუნველყოფს ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღებას. საქართველოს ყველა ტექნოლოგიური პარკი უახლოეს მომავალში სტარლინკის ინტერნეტით სრულად ისარგებლებს.

ქვეყნის მასშტაბით სწრაფი ინტერნეტის ამოქმედება ხელს შეუწყობს საჯარო სერვისების გაუმჯობესებას, განათლების დონის ამაღლებას, ინტერნეტის მიწოდებას იმ სკოლებში, სადაც დღეს არ არის, უსაფრთხოების დონის გაზრდას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის იმისთვის, რომ შეიქმნას საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით ახალი პროდუქტები. ამასთან, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას“,- აღნიშნავენ სააგენტოში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ილონ მასკი პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა.