LIVE

9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 ოქტ 202311:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 506
9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა 6.8% იყო.

სექტემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები.  

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში მთავრობამ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.5%-მდე გაზარდა. აგვისტოში კი პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. სებ-ი ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 6.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზრდება. 6%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB). ასევე 6%-მდე გაზარდა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD). 5.9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს მსოფლიო ბანკი.