LIVE

ფინანსური პოლიცია adjaranet-ის და imovies-ის სერვერების ამოღებას ადასტურებს

19 ოქტ 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2277
ფინანსური პოლიცია adjaranet-ის და imovies-ის სერვერების ამოღებას ადასტურებს

ფინანსურ პოლიციაში ადასტურებენ, რომ ამოღებულია სერვერები, რომლებიც პირატულ გვერდებთან: adjaranet.com, adjaranet.to და imovies.ge-სთანაა დაკავშირებული. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ პირატული გვერდები ინტერნეტ სივრციდან გუშინ გაქრა. როგორც "ბიზნეს ფორმულამ" გაარკვია, მიზეზი სერვერების ამოღებაა. ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელის, ზურაბ ბეჟაშვილის თქმით, სერვერების ამოღება, სადაც პირატული ვებგვერდების ფაილები ინახება, შეიძლება ითქვას, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლის ბოლო ეტაპია. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამოღებული სერვერები კომპანია "ქლაუდ ცხრას" ეკუთვნოდეს.

საიტების გათიშვამდე, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ინტერნეტმომსახურებას სწორედ "ქლაუდ ცხრისგან" იღებს, ავრცელებს ისეთ ვებგვერდებს, როგორებიცაა adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc. ამის გამო, გასულ კვირას, კომისიამ კომპანია წერილობით გააფრთხილა. პარალელურად კი, როგორც ირკვევა, ფინანსური პოლიცია სერვერების ძებნის ღონისძიებას ატარებდა.

"ბიზნეს ფორმულა" კომუნიკაციების კომისიასაც დაუკავშირდა, თუმცა კომისიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.