LIVE

სურსათი შესაძლოა გაძვირდეს - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

14 ოქტ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 393
სურსათი შესაძლოა გაძვირდეს - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

რითეილ სექტორის ნაწილი ელის, რომ მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების ფონზე, უახლოეს კვირებში საქართველოში სურსათის ფასები გაიზრდება. 

როგორც "ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" თავმჯდომარე, სანდრო სუბელიანი "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, ფასების მოსალოდნელ ზრდას პირველ რიგში რუსეთზე დამოკიდებულება განაპირობებს.

"ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, რუსეთი რიგ სასურსათო პროდუქტებზე საექსპორტო გადასახადს აწესებს ან ზრდის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მეტწილად სწორედ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და ამ ნაწილში ყველაზე დიდი წილი სწორედ რუსეთზე მოდის, ცხადია იქ დაკორექტირებული ფასები ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახება. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტად რა პროდუქტებს შეეხება ფასების ზრდა, თუმცა პირველ ეტაპზე სავარაუდოდ საუბარია ფასების დაახლოებით 10%-იან მატებაზე",- აღნიშნავს სანდრო სუბელიანი.

მიღმა რუსეთის მხრიდან რიგ პროდუქტებზე საექსპორტო გადასახადის დაწესებისა ან ზრდისა, "საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის" პრეზიდენტი სურსათის მოსალოდნელი გაძვირების კიდევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს. 

"მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ რუსეთში შეიქმნა საწვავის დეფიციტი და ცხადია ეს აძვირებს ტრანსპორტირებასაც. მატულობს ლოგისტიკის ხარჯებიც. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ახალი საომარი კერებიც გაჩნდა (ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი), რაც ცხადია გლობალურ ბაზრის სტაბილურობაზეც პირდაპირ აისახება და ჩვენს ამ ბაზრის ნაწილი ვართ. ამიტომ მთელი ეს ეკონომიკურ-პოლიტიკური პროცესები საქართველოზეც პირდაპირ აისახება",- ამბობს ივა ჭყონია "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 19%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. რაც შეეხება IV კვარტლის მოლოდინს, ფასების ზრდას გამოკითხული კომპანიების 11% ვარაუდობს.