LIVE

ნავთობი კვლავ გაძვირდა - ფასი $3-ზე მეტად გაიზარდა

09 ოქტ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
ნავთობი კვლავ გაძვირდა - ფასი $3-ზე მეტად გაიზარდა

ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ნავთობი გაძვირდა. კერძოდ, ორშაბათს, აზიის ვაჭრობაში ფასი ბარელზე $3-ზე მეტად გაიზარდა.

ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა 3.67%-ით ანუ $3.10-ით მოიმატა და ბარელზე $87.68 შეადგინა. West Texas Intermediate-ის ნავთობის ფასი კი $86.05-ზეა, რაც 3.94%-იანი ზრდაა. ორივე მაჩვენებელმა თავდაპირველად $4-ზე მეტით მოიმატა, თუმცა მოგვიანებით უკან დაიხია.

ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით შეშფოთება გააჩინა. ნავთობის ფასების ზრდამ შეცვალა გასული კვირის კლების ტენდენცია, როდესაც მარტის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა - ბრენტის ფასი 11%-ით, WTI-ს კი დაახლოებით 8%-ით შემცირდა.

7 ოქტომბერს ისლამისტურმა დაჯგუფება ჰამასმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი სამხედრო იერიში დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ. შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რიცხვი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.