LIVE

ბანკმენ-ფრიდის სასამართლო დაიწყო - FTX-ის დამფუძნებელს 100-წლიანი პატიმრობა ემუქრება

05 ოქტ 202317:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
ბანკმენ-ფრიდის სასამართლო დაიწყო - FTX-ის დამფუძნებელს 100-წლიანი პატიმრობა ემუქრება

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ფინანსურ სექტორში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. კრიპტოს მეფედ წოდებული, სემ ბანკმენ-ფრიდს ბრალად ედება თაღლითური სქემის მოწყობა და მომხმარებლების მილიარდობით დოლარის მითვისება. სასამართლო პროცესი 6 კვირას გასტანს და შვიდივე წაყენებულ ბრალდებაში გამტყუნების შემთხვევაში, FTX-ის დამფუძნებელს 110 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სასამართლოს პირველი დღე ნაფიცი მსაჯულების არჩევას დაეთმო, საიდანაც 12 ძირითადი და 6 სათადარიგო კანდიდატი დამტკიცდა. მათ ოთხშაბათს მხარეების, პროკურორ, თეინ რენისა და ბრალდებულის ადვოკატის, მარკ ქოენის გამოსვლები მოისმინეს.

ბრალდებული, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, დაცვის მხარემ წარმოაჩინა, როგორც გამოუცდელი ბიზნესმენი, რომელიც სხვების კარნახით მოქმედებდა და, რომელსაც შეგნებულად არაფერი ჩაუდენია.

დაცვის მხარე აღიარებს, რომ ბანკმენ-ფრიდის კრიპტო ჰეჯ-ფონდმა, Alameda-ამ FTX-ისგან ფული ისესხა, თუმცა ქოენის თქმით, ბანკმენ-ფრიდს სჯეროდა, რომ სესხი გირაოთი იყო უზრუნველყოფილი და ეს ქმედებაც დაშვებული იყო. მისი თქმით, FTX-ის ბიზნესის ზოგიერთი ძირითადი ასპექტი, როგორიცაა რისკის მენეჯმენტი „შეუმჩნეველი დარჩა“, რადგან სტარტაპი სწრაფად იზრდებოდა.

პროკურორის, თეინ რენის თქმით, ბანკმენ-ფრიდმა $10 მილიარდზე მეტი მოიპარა FTX-ის მომხმარებლებისგან. ეს თანხა კი გაორმაგდა გასული წლის მაისსა და ივნისში, როდესაც კრიპტოვალუტაში Alameda-ს სარისკო ინვესტიციები წამგებიანი გახდა.

რა ბრალდებები აქვს სემ ბანკმენ-ფრიდს (SBF)?

ბანკმენ-ფრიდს შვიდი ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის საბანკო და ფასიანი ქაღალდების თაღლითობის საქმეზე.

პროკურორების მტკიცებით, ბანკმენ-ფრიდმა პირადი სარგებლობისთვის FTX-ს მომხმარებლების მილიარდობით დოლარი მიითვისა. მან ეს თანხები თავის მეორე ბიზნესისთვის, კრიპტო ჰეჯ-ფონდის Alameda Research-ის უზარმაზარი ზარალის დასაფარად გამოიყენა. SBF-მა FTX-ის სქემის დასამალად ინვესტორებიც მოატყუა.

პროკურორებმა ყოფილ კრიპტო მილიარდერს 5 ბრალდება, რომლებიც მას ბაჰამის კუნძულებიდან ექსტრადიციის შემდეგ წაუყენეს, ივნისში მოუხსნეს. ამ ბრალდებებზე დამატებითი სასამართლო პროცესი მარტში იგეგმება.

რა დაემართა FTX-ს?

FTX-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც მარტივმა და უსაფრთხო პლატფორმამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაში. კომპანია შემოსავალს მომხმარებელთა გადასახადებისგან იღებდა. 2021 წელს ციფრული აქტივების შეფასების ზრდასთან ერთად, FTX-ის პროფილიც გაიზარდა. კომპანიამ მალე პიკს, $30 მილიარდიან კერძო შეფასებას მიაღწია.

თუმცა 2022 წელს დაიწყო კრიპტო ბაზრის რყევა, რამაც მთლიანი ინდუსტრიის $3 ტრილიონიანი ღირებულება $1 ტრილიონამდე შეამცირა. უკვე ნოემბერში შეირყა FTX-ის სტაბილურობაც და სულ რაღაც ერთ კვირაში სრულად ჩამოიშალა.

ინვესტორებსა და მომხმარებლებს შორის ატყდა პანიკა კრიპტო საინფორმაციო საიტის, Coindesk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კითხვებს აჩენდა FTX-სა და Alameda-ს შორის ფინანსური კავშირების შესახებ. ბანკმენ-ფრიდის მიერ დაარსებულ ბიზნესებს საერთო თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდათ, თუმცა მალევე ნათელი გახდა მათ შორის მჭიდრო ფინანსური კავშირების შესახებ. 

Coindesk-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ნათელი გახდა, რომ Alameda-ს აქტივების დიდი ნაწილს FTT შეადგენდა. FTT ციფრული ტოკენია, რომელიც FTX-მა შექმნა. ტოკენი სწრაფად კარგავდა ღირებულებას, რაც Alameda-ს ფინანსურ მდგომარეობას აუარესებდა.

შედეგად, მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს FTX-დან თანხების გამოტანა, რამაც კომპანიაში $8 მილიარდიანი დეფიციტი გამოიწვია. 11 ნოემბერს კომპანიამ გაკოტრება გამოაცხადა, ბანკმენ-ფრიდმა კი აღმასრულებლის პოზიცია დატოვა. იგი საბოლოოდ, დეკემბერში ბაჰამის კუნძულებზე თაღლითობისა და შეთქმულების ბრალდებით დააკავეს, იანვარში კი მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდა.

დაცვის მხარის პოზიცია

დაკავების დღიდან ბანკმენ-ფრიდის თავს იმით იმართლებს, რომ ის გამოუცდელი ბიზნესმენი იყო, რომელიც კომპანიის ადვოკატების კარნახით მოქმედებდა, შესაბამისად შეგნებულად არაფერი დაუშავებია.

ბანკმენ-ფრიდის პირად ჩანაწერებში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა, მან Alameda-ს დაზარალებაში ბრალი მის აღმასრულებელ დირექტორს, ქეროლაინ ელისონს დასდო. ელისონმა დანაშაული 2022 წლის დეკემბერშივე აღიარა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და პროკურატურის მთავარ კოზირად ითვლება ბანკმენ-ფრიდის წინააღმდეგ დავაში.

„ბენკმან-ფრიდისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ყოფილი კოლეგების გადამტერებაა, რომლებიც მის წინააღმდეგ მისცემენ ჩვენებას“, - განაცხადა ჰოვარდ ფიშერმა, Moses Singer-ის პარტნიორმა და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის ყოფილმა სასამართლო ადვოკატმა.

სად იქნება ბანკმენ-ფრიდი სასამართლო პროცესის დროს?

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბანკმენ-ფრიდ დარჩება ბრუკლინის მეტროპოლიტენის დაკავების იზოლატორში, სადაც 11 აგვისტოს შემდეგ იმყოფება.