LIVE

ბანკმენ-ფრიდი სასამართლოდან ციხეში გაუშვეს

12 აგვ 202312:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 434
ბანკმენ-ფრიდი სასამართლოდან ციხეში გაუშვეს
REUTERS/Eduardo Munoz
აწ გაკოტრებული FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბანკმენ-ფრიდი მოსამართლემ, პროკურატურის შუამდგომლობის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომიდან ციხეში გაუშვა. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ დაცვის მხარე მოწმეებზე ზეწოლას ახდენს და არ ასრულებს გირაოთი გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
 
მოსამზადებელი სხდომიდან პირდაპირ ციხეში გადამისამართებულ ბანკმენ-ფრიდს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე მოუწევს, თუკი აპელაცია წარმატებული არ იქნება. სასამართლო განხილვის დაწყება კი ოქტომბრიდან არის დაგეგმილი. ყოფილ მილიარდერს ამ დრომდე აღკვეთის სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. 
 
“არსებობს დასაბუთებული საფუძველი გვჯეროდეს, რომ ბრალდებულს მინიმუმ ორჯერ ჰქონდა მცდელობა გავლენა მოეხდინა მოწმეების ჩვენებაზე,” განაცხადა მოსამართლემ, ლუის კაპლანმა.
 
როკურატურამ მოითხოვა, რომ ბანკმენ-ფრიდი ნიუ-იორკის შტატში მდებარე პუტნამის ციხეში განთავსდეს. ბალმდებლის მტკიცებითვე, დაკავებულს ექნება წვდომა ნოუთბუქსა და ინტერნეტზე, რათა მოემზადოს სასამართლო განხილვისთვის.
 
ბანკმენ-ფრიდი დეკემბერში დააკავეს და სასამართლო დარბაზიდან 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ მშობლების სახლში იცხოვრებდა, კალიფორნიაში. მოსამართლე კაპლანმა ყოფილ მილიარდერს გაფრთხილება ჯერ კიდევ გასულ თვეში მისცა მედიასთან გახშირებული კომუნიკაციის გამო.
 
ბრალდების მხარემ სასამართლოს განუცხადა, რომ გასული თვეების განმავლობაში, ბანკმენ-ფრიდმა 100-ზე მეტი მეილი გააგზავნა მედიასთან და 1000-ზე მეტი ზარი განახორციელა პრესის წარმომადგენლებთან. Მათ შორის, პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ბანკმენ-ფრიდის ჩართულობით გასაჯაროვდა მისი ყოფილი გერლფრენდის, კაროლინ ელისონის პირადი ჩანაწერები ნიუ იორკ თაიმსში. ელისონმა, რომელიც ბანკმენ-ფრიდის ასევე გაკოტრებული კრიპტო ჰეჯ ფონდის, Alameda Research-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, დანაშაული 2022 წლის დეკემბერშივე აღიარა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და პროკურატურის მთავარ კოზირად ითვლება ბანკმენ ფრიდის წინააღმდეგ დავაში.
 
მოსამართლე კაპლანმა გაიზიარა ბრალდების პოზიცია, რომ ბანკმენ ფრიდის კონტრიბუცია ელისონთან დაკავშირებული სტატიის გამოქვეყნებაში, რასაც პროკურატურა ბრალდებულსა და სტატიის ავტორს შორის ბოლოდროინდელი გახშირებული კომუნიკაციით ასაბუთებს, მიზნად ისახავდა მთავარი მოწმის დისკრედიტაციას.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, პრესის წარმომადგენლებმა, მათ შორის ნიუ იორკ თაიმსმაც, შეშფოთება გამოთქვეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო. ანალოგიურად, ბანკმენ-ფრიდის ადვოკატებიც თვლიან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებას იყენებდა და არ დაურღვევია გირაოთი გათვალისწინებული ვალდებულებები იმით, რომ ჟურნალისტებს ელაპარაკებოდა.