LIVE

საქართველოს საგარეო ვალი $24.2 მილიარდამდე გაიზარდა

29 სექ 202313:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 1351
საქართველოს საგარეო ვალი $24.2 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 85.9%-ია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან:

  • ოპერაციული ცვლილების გამო ვალი გაიზარდა 320.1 მლნ აშშ დოლარით,
  • ფასის და სხვა ცვლილებების გამო შესაბამისად 13.3 და 4.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა,
  • საკურსო ცვლილების გამო კი ვალი 77.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტრუქტურა შემდეგნაირად ნაწილდება:

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 38.4%-ია.

  • აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.3 მლრდ აშშ დოლარი (21.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 882.9 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 431.8 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.5%) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.3%).
  • საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 6.7 მლრდ აშშ დოლარი (17.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.9%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3%) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.2%).

ეროვნული ბანკის განცხადებით, მთლიანი საგარეო ვალის 88.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.0 მლრდ აშშ დოლარი (34.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 46.1%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.9 მლრდ აშშ დოლარია (15.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 21.0%-ია.

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 25.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 10.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, 2023 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 882.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 462.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.