აგვისტოში საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად შემცირდა.
მიზეზი მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, სანქციების ფარგლებში, საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტის აკრძალვაა.
კერძოდ, თუკი ივლისში რუსეთში საქართველოდან ექსპორტზე 13.3 მლნ დოლარის ღირებულების მანქანები გავიდა, გასულ თვეს ეს მაჩვენებელი 781 ათას დოლარამდე შემცირდა.
თუმცა პარალელურად, აგვისტოში თვის ჭრილში, ჯამურად ავტომობილების ექსპორტი 2%-ით, 190 მლნ დოლარამდე მაინც გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი მანქანების ექსპორტი მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნების ნაწილშიც გაიზარდა. მაგალითად, საქართველოდან გასულ თვეს ყაზახეთში 66 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც ივლისთან შედარებით 45%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორ მუშაობს სანქციები და არსებობს თუ არა კვლავ ეჭვები იმასთან დაკავშირებით, გამოიყენება თუ არა საქართველოს დერეფანი რუსეთისთვის სანქციების თავიდან აცილებისთვის - ამ კითხვაზე ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ. ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, ამ მიმართულებით მთავარ გამოწვევად ის გარემოება რჩება, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილია.
„როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში რუსეთში ავტომობილების ექსპორტი თითქმის განულდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეგიონის ქვეყნების ნაწილში ექსპორტი გაიზარდა, მაგალითად ყაზახეთში. ნაწილში კი პირიქით შემცირდა, მაგალითად, სომხეთში. აქამდე კითხვის ნიშნები იყო, ხომ არ ხვდებოდა რეგიონის ქვეყნების საშუალებით საქართველოდან გასული მანქანები საბოლოოდ რუსეთის ბაზარზე. მხოლოდ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ვერ ვიმსჯელებთ. თუმცა იმისთვის, რომ მსგავსი კითხვები აღარ დარჩეს და სამომავლოდ ჩვენს დარგს დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესდეს, აუცილებელია რამდენიმე საკითხის გადაჭრა. მათ შორის საჭიროა, რომ გაიხსნას აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი, რადგან ახლა მაგალითად, ყაზახეთში ავტოიმპორტიორების ნაწილს მანქანები ლარსის გავლით გაჰყავს. თუკი აზერბაიჯანის საზღვარი გაიხსნება და იქიდან მიეწოდება ყაზახეთს მანქანები, მაშინ ეს კითხვებიც მოიხსნება“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის მე-11 პაკეტის ფარგლებში 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში ევროპული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტიც აიკრძალება.
მიმდინარე წლის 8 თვეში ჯამურად საქართველოდან ექსპორტზე სულ მილიარდ 368 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც წლიურად 178%-იანი ზრდაა.