საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (1 მლრდ 944 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (1 მლრდ 687 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - აშშ-მ (1 მლრდ 240 მლნ აშშ დოლარი).
8 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 14.7%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 12.3% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 1 მლრდ 226 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები;
- ხორბალი და მესლინი;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე.
რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-აგვისტოში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 15.3%-ით, 461 მლნ 386 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:
- ყურძნის ნატურალური ღვინო;
- მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
- ფეროშენადნობები;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით.
იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 მლრდ 368 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზე - ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ აშშ დოლარით (4.2%).
საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულში ლიდერობდა თურქეთი (1 მლრდ 645 მლნ აშშ დოლარი), შემდეგ იყო რუსეთი (1 მლრდ 226 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (1 მლრდ 190 მლნ აშშ დოლარი).
8 თვეში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი პოზიცია მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 958 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 716.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.2%), ხოლო მესამეზე - დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.6%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 4 მლრდ 079 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
8 თვეში, იმპორტი წლიურად 17.8%-ით გაიზარდა და 9 მლრდ 926 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 მლრდ 005 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.8%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-აგვისტოში 5 მლრდ 846 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.