სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, კანდიდატურების წარმოდგენაზე უარს ვაცხადებთ,- ამის შესახებ პარლამენტის ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების წარდგენა სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების და ბოლო ორ დღეში განვითარებული მოვლენების ფონზე გადაიფიქრა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტს არ მიაჩნია რომ არსებულ ვითარებაში, როცა არაა ნათელი საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, ამ ვითარებაში წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილნი. სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, კანდიდატურების წარმოდგენაზე უარს ვაცხადებთ“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ჰყავდა წარდგენილი.
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა და მისი ახალი წევრებით დაკომპლექტება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, რომლებიც ამავდროულად სებ-ის საბჭოს ტოვებენ. ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, როდესაც სებ-ის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, საბჭო არ არის უფლებამოსილი, თავისი ფუნქციები შეასრულოს. თუ ვიცე-პრეზიდენტების მიერ თანამდებობების ოფიციალურად დატოვების შემდეგ, ვაკანსიები მაქსიმუმ 2 თვეში არ დაკომპლექტდება, საბჭოს უფლებამოსილება შეუჩერდება. პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვირიშვილი და ნიკოლოზ გაგუა საბჭოს ოფიციალურად ნოემბრის ბოლოსთვის დატოვებენ და 7-ის ნაცვლად საბჭოში 4 წევრი დარჩება.