LIVE

ზურაბიშვილი: ნათია თურნავა უნდა გადადგეს

20 სექ 202317:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 359
ზურაბიშვილი: ნათია თურნავა უნდა გადადგეს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს.

ზურაბიშვილის თქმით, სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ერთპიროვნული იყო და საბჭოს შეუძლია, ბათილად გამოაცხადოს.

„საზოგადოებას მივმართავ, რომ ამ ყველაფერმა არ მიიღოს პანიკური სახე. არსებობს გამოსავალი, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილ კრიზისს გადაგვალახინებს. ძალიან ვნანობ, რომ ნათია თურნავა ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატია და ბოდიშსაც ვიხდი. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა თურნავამ გადადო უვადოდ, თორემ პირადად ვეტყოდი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, უნდა გადადგეს.

დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს არის სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯები, რათა ქვეყანას სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ფინანსური მდგრადობა. არავის აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები. ამავე დროს, მინდა მივესალმო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რაც ნამდვილად არის ის რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.