LIVE

თურნავას აზრით, საქართველოს საფინანსო სისტემას და ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება

20 სექ 202312:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 221
თურნავას აზრით, საქართველოს საფინანსო სისტემას და ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას, განცხადებით, ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს საფინანსო სისტემას საფრთხეს არ უქმნის. მისივე თქმით, სანქციების აღსრულება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა პრიორიტეტული საკითხია.

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან, სარეიტინგო კომპანიებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან. ეს ჩვენი პრიორიტეტია. ამ კუთხით, არანაირად არ ვხედავ, რომ რაიმე ემუქრება საქართველოს საფინანსო სისტემას, ჩვენს ეკონომიკას.

ისევ და ისევ, ჩვენი გადაწყვეტილება მიმართული არის სასანქციო რეჟიმის აღსრულების დაზუსტებისკენ იმდაგვარად, რომ ის იყოს სრულ შესაბამისობაში ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ პირიქით, გამჭვირვალობა და მდგრადობა ამ გადაწყვეტილებების იზრდება და ჩვენ ამის კომუნიკაციას მოვახერხებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან",- განაცხადა თურნავამ. 

ცნობისთვის, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, აღარ ვრცელდება სანქციები საქართველოს მოქალაქეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. 

აღსანიშნავია, რომ სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა