LIVE

სასკოლო ინფლაცია - რამდენად გაძვირდა სკოლაში დაბრუნება?

18 სექ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 310

ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დამატებით ხარჯებს უკავშირდება: ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები და ზოგიერთ შემთხვევაში, წიგნებიც კი, ნებისმიერი მშობლისთვის აუცილებელი საყიდლების სიაშია. "ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა, როგორ შეიცვალა წელს აღნიშნული ნივთების ფასები, როგორც ბაზრობაზე, ისე სავაჭრო ცენტრებში. 

მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ერთი ბავშვის სასკოლოდ მომზადება ბაზრობის ფასებით საშუალოდ 300-400 ლარი ჯდება. ეს მოიცავს როგორც ახალ ტანსაცმელს, ისე საკანცელარიო ნივთებს და ზოგჯერ სასკოლო სახელმძღვანელოებსაც: "500 ლარამდე მაქვს გათვლილი, საკანცელარიო ნივთებში ალბათ 200 ლარი. რა თქმა უნდა, ფასები გაიზარდა," - აღნიშნავს ერთ-ერთი მშობელი. 

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში სასკოლო სახელმძღვანელოებს მოსწავლეები უფასოდ იღებენ, აღსანიშნავია, რომ ხშირად ისინი იმდენადაა დაზიანებული, რომ მშობლებს ახალი წიგნების ყიდვა უწევთ: "საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ყიდულობენ წიგნებს. მთლიან კომპლექტს აძლევენ, თუმცა რამდენიმე წიგნს მაინც ყიდულობენ,"- აღნიშნავს ერთ-ერთი გამყიდველი. 

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებს, ამ შემთხვევაში ბიუჯეტი შედარებით მეტია და საშუალო თანხა, რომელსაც მომხმარებლები ასახელებენ, 800-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს. "ყველაფერი ერთად დაახლოებით 1000 ლარი გვიჯდება,"- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი. 

სასკოლო მზადება, უპირველეს ყოვლისა, მაინც იმ აუცილებელი საკანცელარიო ნივთების შეძენას გულისხმობს, რომლებიც მოსწავლეებს ყოველდღიურად სჭირდებათ. ბაზრობაზე აუცილებელი საკანცელარიო ნივთების ნაკრები მინიმუმ 20 ლარი ჯდება, მაღაზიებში ქვედა ზღვარი 50 ლარია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის, ვინც კერძო სკოლებში სწავლობენ, ანდაც სხვადასხვა მოსამზადებელ კურსებზე დადიან, ხშირად ხარჯებიც უფრო მეტია. სამომხმარებლო ფასების ინდექსები აჩვენებს, რომ წინა წელთან შედარებით, კერძო სკოლების საფასური დაახლოებით 14%-ით გაძვირდა; იმ მშობლებს კი, ვისაც პატარებისთვის ძიძა სჭირდებათ, ეს მომსახურება 20%-ით მეტი დაუჯდებათ. სასკოლო სახელმძღვანელოების ფასი, შარშანდელთან შედარებით, წელს 26%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, დაახლოებით 9%-ითაა გაძვირებული რეპეტიტორების მომსახურებაც.