LIVE

საქართველოში საწვავი ძვირდება - მიზეზი რუსული საწვავის ფასის ზრდაა

13 სექ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 544
საქართველოში საწვავი ძვირდება - მიზეზი რუსული საწვავის ფასის ზრდაა

გასულ კვირებთან შედარებით საქართველოში საწვავი დაახლოებით 10 თეთრითაა გაძვირებული, ბოლო 3 თვეში კი ჯამში ფასები თითქმის 70 თეთრამდეა გაზრდილი.

"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის თქმით, საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი რუსეთია.

როგორც ირკვევა, რუსეთმა ნავთობის მიწოდება თითქმის ნახევარი მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ხელი შეუწყო საწვავის დეფიციტის გაჩენას და ფასებიც გაიზარდა. 

"მოგეხსენებათ, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საქართველო თითქმის სრულად რუსულ ე.წ. იაფ საწვავზეა გადასული, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ვითარება შეიცვალა. საწვავის დეფიციტის გამო პროდუქტი თავად რუსეთში გაძვირდა. ამ დროისთვის ერთი ბარელი ურალის საშუალო ფასი 75 დოლარია, მაშინ როცა მაგალითად ივლისში 55 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ცხადია, ეს ასახვას პოვებდა ადგილობრივ ბაზარზე და ჩვენთანაც ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა. მიღმა რუსეთისა, ძვირდება ევროპული საწვავიც. საქმე იმაშია, რომ ნავთობის მთავარმა მწარმოებელმა, საუდის არაბეთმა ცოტა ხნის წინ დღიური ნავთობის მიწოდება საშუალოდ 1 მლნ. ბარელით შეამცირა. შედეგად, დღეს უკვე მაგალითად ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება $90 დოლარს აჭარბებს, მაშინ როცა ივლისში ფასი სტაბილურად $75 დოლარის ფარგლებში იყო. საქმე გვაქვს 20%-იან გაძვირებასთან. ადგილობრივ ბაზარზე ეს ფაქტიც თავის გავლენას ახდენს", - განმარტავს ვახტანგ იობაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საუდის არაბეთი მიწოდების გაზრდას წელს არ გეგმავს, რის გამო უმსხვილესმა ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs-მა პროგნოზები განაახლა და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის ფასები დამატებით 20%-ით კიდევ გაიზრდება და ბრენტის ტიპის ბარელი ნავთობის ღირებულება $110-ს გადააჭარბებს, რაც როგორც იობაშვილი ამბობს, დამატებითი წნეხია საქართველოსთვისაც.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ელიან, რომ საერთაშორისო მოვლენების ფონზე, საწვავის გაძვირების ტრენდი მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება.