LIVE

კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს რუსეთში შეხვდება

05 სექ 202314:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 336
კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინს რუსეთში შეხვდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში გამგზავრებას და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობებს განიხილავს.

კერძოდ, პუტინს სურს, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნოს, ხოლო კიმ ჩენ ინის ინტერესია, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას თანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიები მიაწოდოს. ამას გარდა, ჩრდილოეთ კორეას სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმწოდებელიც სჭირდება. 

როგორც ცნობილია, პირად საუბრებში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთთან არსებულ საერთო გამოწვევებზე, მათ შორის ორი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინს უკრაინა პირდაპირ არ უხსენებია, აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან ომი რუსეთს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვად წარმოუდგება; პუტინის ხედვით, უკრაინა რუსული იმპერიის ნაწილია. 

სავარაუდოდ, აღნიშნული შეხვედრის საფუძველი გახდა ივლისში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში. ამ დროს პხენიანი სამხრეთ კორეასა და ამერიკულ სამხედროებზე კორეის ომში "გამარჯვების" 70 წლისთავს აღნიშნავდა. სწორედ ამ დროს აჩვენა კიმ ჩენ ინმა შოიგუს სამხედრო შეიარაღების გამოფენა, რომელთა შორის გაერო-ს მიერ აკრძალული ბალისტიკური რაკეტებიც იყო. შეხვედრის დროს კიმმა შოიგუს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა შესთავაზა და პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტიც მოისურვა; თუმცა შემდგომ შოიგუმ თავად დაპატიჟა კიმ ჩენ ინი რუსეთში. აღსანიშნავია, რომ შოიგუ იყო რუსეთის პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინი რუსეთს პირველად 2019 წელს ესტუმრა. სამომავლო შეხვედრა კი სავარაუდოდ მიმდინარე თვეს, რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართება.