LIVE

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კავკასიაში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს

04 სექ 202311:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 276
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კავკასიაში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი, კავკასიაში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს. დღეიდან რიგტერინკი ჯერ სომხეთს, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანს ესტუმრება.

პირველი ვიცე-პრეზიდენტი და EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორი, მატეო პატრონე, თითოეულ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლებს, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს, ბიზნეს ლიდერებსა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

„ეს ვიზიტი შესაძლებლობაა შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნეს საზოგადოების წევრებს, რათა ვიმსჯელოთ პრიორიტეტებზე რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასთან რუსეთის ომისა და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით. კავკასია ბანკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ მუდმივი მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების, საკონსულტაციო სერვისებისა და პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობის გზით“, - აღნიშნავს იურგენ რიგტერინკი.

კერძო სექტორის განვითარების მიზნით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან საკრედიტო ხაზს მოაწერს ხელს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რიგტერინკი EBRD-ის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ბანკთან, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულების ფარგლებში, ახალი პროგრამის დაწყებას გამოაცხადებს. აზერბაიჯანში კი რიგტერინკი, ტექნიკური და პროფესიული განათლების მიმართულებით, სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის დაწყებაში მიიღებს მონაწილეობას.

იურგენ რიგტერინკი ასევე დაესწრება კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონული დირექტორისთვის, ალკის ვრენიოს დრაკინოსთვის უფლებამოსილების გადაბარებას.

ცნობისთვის, EBRD-მა 680 პროექტში, 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონში როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.