LIVE

EBRD-ს კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს

01 სექ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 382
EBRD-ს კავკასიაში ახალი რეგიონული დირექტორი ჰყავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) კავკასიაში ახალი რეგიონული ხელმძღვანელი და დირექტორი ჰყავს. ალკის ვრიენიოს დრაკინოსი ბანკის ოპერაციებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში უხელმძღვანელებს. ის თბილისის ოფისში მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.

„მოხარული ვარ, რომ კავკასიაში დავბრუნდი და მოუთმენლად ველი ამ საინტერესო მოვალეობის შესრულების დაწყებას, რეგიონში ჩემს წინა გამოცდილებისა და EBRD-თან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით. კავკასიის მხარდაჭერა ბანკის მთავარი პრიორიტეტია. რეგიონს აქვს დიდი პოტენციალი შემდგომი განვითარებისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის და მოხარული ვარ, რომ მექნება საშუალება EBRD-ის ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად, ხელშესახები წვლილი შევიტანო ამ ქვეყნების ეკონომიკურ წარმატებაში“, - აღნიშნავს დრაკინოსი.

ალკის დრაკინოსმა EBRD-ში მუშაობა 1993 წელს საბერძნეთში, დირექტორთა საბჭოს მრჩევლად დაიწყო. 1995 წელს ფინანსური ინსტიტუტების გუნდს შეუერთდა, სადაც 12 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა KPMG-ის, ევრობანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან. 2012 წელს კვლავ დაუბრუნდა EBRD-ის, თურქმენეთის ოფისის ხელმძღვანელის როლში. 2015 წელს საბერძნეთის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა დაიკავა, 2017 წელს კი უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი გახდა. ამ როლში მან 3 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების, 100-ზე მეტ პროექტის განხორციელებას უხელმძღვანელა.

ალკის ვრიენიოს დრაკინოსი ბანკის კავკასიის რეგიონულ ოფისში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეცვლის, რომელიც კიშინოვში EBRD-ის მოლდოვის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ბანკმა კავკასიაში დღემდე 680 პროექტში 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. აქედან, პროექტების უმეტესობა კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.