LIVE

ქართველი აზერბაიჯანელები ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნას სთხოვენ - პეტიცია

25 აგვ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1667
ქართველი აზერბაიჯანელები ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნას სთხოვენ - პეტიცია

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართავენ. ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას შექმნილ პეტიციას ხელს ორივე ქვეყანაში მცხოვრები ათასზე მეტი ადამიანი აწერს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველებს და აზერბაიჯანელებს აქვთ მჭიდრო სოციალური და ეკონომიკური კავშირები, რასაც ჩაკეტილი საზღვარი აზიანებს. ავიაბილეთების მაღალი ფასის გამო, ახლობლები ერთმანეთის ნახვას უკვე წლობით ვერ ახერხებენ. 

"პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ კრიზისს. ამან მძიმე გავლენა იქონია და კვლავაც მოქმედებს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. საქართველოს აზერბაიჯანელებისთვის აზერბაიჯანი საუკეთესო არჩევანია მანძილისა და ენის გათვალისწინებით. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს უპირატესობები საარსებო წყაროს სტაბილიზაციისთვის სხვადასხვა მცირე ბიზნესისა და მუშაობის გზით", - ნათქვამია განცხადებაში. 

პეტიციის ხელმომწერები აზერბაიჯანის პრეზიდენტს სთხოვენ, რომ ორივე ქვეყანაში მცხოვრები ასეთი კავშირების მქონე პირებისთვის გამოინახოს ალტერნატივა, რათა მათ სახმელეთო საზღვრით გადაადგილება შეძლონ. 

2020 წლის მარტში აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კორონავირუსული პანდემიის გამო დაიხურა. მიმდინარე წლის ივნისში საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივების გამო, აზერბაიჯანმა საზღვრის გახსნა გადადო. მაშინ "ბიზნეს ფორმულამ" აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და ჰკითხა, რეჟიმის გაგრძელების მიუხედავად, ხომ არ იგეგმება საქართველოსთან საზღვრის გახსნა და მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ საკითხზე.

"ბიზნეს ფორმულასთვის" უწყების მიერ 25 ივლისს გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრებთან დაკავშირებით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის წესებში ცვლილებები გათვალისწინებული არ არის.

ამჟამად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მხოლოდ საჰაერო მიმოსვლაა დაშვებული.