LIVE

Tesla გერმანულ ქარხანაში წარმოების დღიურ გეგმას 750 მანქანამდე ამცირებს

27 აგვ 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 498
Tesla გერმანულ ქარხანაში წარმოების დღიურ გეგმას 750 მანქანამდე ამცირებს

Tesla-მ თავის გერმანულ ქარხანაში ყოველკვირეული წარმოება მარტში 5 000 ერთეულიდან, ივლისის-აგვისტოს პერიოდში 4 350-მდე შეამცირა. შიდა დოკუმენტებსა და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, უცხოური მედია წერს, რომ წარმოების კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

Telsa-მ მარტში განაცხადა, რომ ბერლინთან ახლოს მდებარე Gruenheide-ის ქარხანა კვირაში 5 000 მანქანას აწარმოებდა, თუმცა მომუშავე პერსონალი ამტკიცებს, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა და საშუალო წარმოება ამაზე ბევრად ნაკლებია. Tesla-მ ივნისში დროებითი მუშაკების დაქირავება შეამცირა, რადგან ამის საჭიროებას ვეღარ ხედავდა და განაცხადა, რომ წარმოების მიზნები წარმატებით სრულდებოდა.

უცხოური მედიის მიერ მოპოვებული მასალები მიუთითებს იმაზე, რომ მწარმოებელმა სამიზნე ივლისისა და აგვისტოსთვის დღეში 870 მანქანამდე შეამცირა. როგორც ირკვევა, ხშირად ეს მიზნებიც არ იყო შესრულებული. ასე მაგალითად, 25 ივლისს მხოლოდ 692 მანქანა იყო წარმოებული, 28 ივლისს კი 806. ქარხნის თანამშრომლების თქმით, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის გამჟღავნება, ამ შედეგების შემდეგ წარმოება დღეში 750 ერთეულამდე დარეგულირდა, რაც კვირაში 4 000-ზე ნაკლები მანქანაა.

Tesla-მ ივლისში განაცხადა, რომ Gruenheide-ის ქარხნის სიმძლავრის გაფართოებას წელიწადში 1 მილიონ მანქანამდე აპირებდა. თუმცა კომპანიას არ დაუსახელებია კონკრეტული ვადები, თუ როდის მიაღწევს ქარხანა კვირაში 6 000 მანქანის წარმოებას.

ცნობისთვის, ავტომწარმოებელმა გასული წლის ბოლოდან რამდენჯერმე შეამცირა ფასები შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და სხვა ბაზრებზე. ფასდაკლებები და სხვადასხვა ინიციატივა მარაგების შემცირებას ემსახურება, რათა კომპანიამ დაიცვას თავი მაღალი კონკურენციისა და ეკონომიკური რყევებისგან.