LIVE

პუტინი: რუსეთიდან კაპიტალის გადინება უნდა შეწყდეს

23 აგვ 202313:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 463
პუტინი: რუსეთიდან კაპიტალის გადინება უნდა შეწყდეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთავრობისგან და ცენტრალური ბანკისგან ქვეყნიდან კაპიტალის გადინების შესაჩერებლად ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. პუტინი გაუფასურებული რუბლისა და ფასების ზრდის საფრთხეებზე მიუთითებს. 

მთავრობასა და რუსეთის ცენტრალურ ბანკს "ესაჭიროებათ ერთობლივი მუშაობა, რათა შეამცირონ არაპროდუქტიული და სპეკულაციური მოთხოვნა ეკონომიკაში, აკონტროლონ კაპიტალის მოძრაობა და დააკვირდნენ სხვა ფინანსური ბაზრების მონაწილეებს," - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის მთავარი ამოცანა ინფლაციის მონიტორინგია. 

აღსანიშნავია, რომ რუსული რუბლი მსოფლიოში მესამე ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა. გასული კვირის დასაწყისში ერთი დოლარის ღირებულებამ 100 რუბლს გადააჭარბა, რამაც რუსეთის ცენტრალური ბანკის მონეტარულ კომიტეტს ნაადრევი შეხვედრა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა აიძულა. ამას გარდა, რუსეთმა არაოფიციალურად კაპიტალის კონტროლის რამდენიმე ზომაც მიიღო და ექსპორტიორებს უცხოურ ვალუტებში შემოსავლების გაყიდვა სთხოვა.

ივლისში რუსეთში ინფლაციის მაჩვენებელი 4.3%-მდე იყო გაზრდილი, რამაც ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან პირველად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა აიძულა.