რუბლი რეკორდულად გაუფასურდა და 17-თვიან მინიმუმზეა. ორშაბათს 1 დოლარის ღირებულებამ 101 რუბლს გადააჭარბა და ზუსტად 101.04 რუბლი შეადგინა.
რუბლი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ღირებულებამ 1.82 რუბლით მოიმატა და 110.56 რუბლი შეადგინა.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეკონომიკური მრჩეველი მაქსიმ ორეშკინი რუბლის რეკორდულ გაუფასურებას ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას აბრალებს. მისი თქმით, "რუბლის შესუსტებისა და ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი სუსტი მონეტარული პოლიტიკაა." ორეშკინის აზრით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ სიტუაციის ნორმალიზება მოახერხოს; ამაში კი, უპირველეს ყოვლისა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იგულისხმება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ივლისში რეფინანსირების განაკვეთი უკვე გაზარდა 8.5%-მდე; ხოლო მონეტარული კომიტეტის შემდეგი სხდომა, რომელზეც საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი, 15 სექტემბერს შედგება. მიუხედავად ამისა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გულისხმობს სესხის უფრო მაღალ განაკვეთს მთავრობისთვის, რომელსაც ომში დიდი სამხედრო ხარჯების გამოყოფა უწევს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ თავისი ღირებულების 1/4, ანუ 25% დაკარგა. ომამდე 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით 75 რუბლი იყო.
"სუსტი რუბლი უკრაინაში რუსეთის ომის შედეგია," - აღნიშნავს ტიმოთი ეში, BlueBay Asset Management-ის უფროსი სტრატეგი. მისივე თქმით, რუბლის გაუფასურებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს; მათ შორისაა ენერგეტიკული შემოსავლების შემცირება, ევროპული გაზის ბაზრიდან რუსეთის გათიშვა, "დიდი შვიდიანის" (G7) მიერ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესება და, რაც მთავარია, სანქციები, რომელთა შედეგადაც რუსეთში იმპორტის ღირებულება იზრდება.