LIVE

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 12%-მდე გაზარდა

15 აგვ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 12%-მდე გაზარდა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რუბლის რეკორდულად გაუფასურების შესაჩერებლად, რეფინანსირების განაკვეთი 350 საბაზისო პუნქტით 12%-მდე გაზარდა. მონეტარული კომიტეტის სხდომა, რომელიც 15 სექტემბერს იყო დაგეგმილი, 1 თვით ადრე ჩატარდა.

საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ორშაბათს 1 დოლარის ღირებულებამ 101 რუბლს გადააჭარბა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილების შემდეგ რუბლი დოლართან მიმართებით გამყარდა და 1 დოლარის ღირებულებამ 98.03 რუბლი შეადგინა.

ორშაბათს რუბლის რეკორდულ გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა, მაქსიმ ორეშკინმა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას დააკისრა. მისი თქმით, ბანკი რბილ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა.

„ინფლაციური ზეწოლა იზრდება. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ფასების სტაბილურობის რისკების შეზღუდვას“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ელვირა ნაბიულინამ შექება დაიმსახურა ქვეყანაში მყარი ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების გამო რუსეთის მიერ უკრაინაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდგომ. თუმცა მოგვიანებით, რუბლის გაუფასურებისა და მაღალი ინფლაციის წინაშე ნაბიულინას ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც ომის მომხრე ნაციონალისტების კრიტიკის საგანი გახდა. კრემლის საჯარო კრიტიკას კი 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წნეხი ემატება, რომელიც გაზრდილი სამომხმარებლო ფასებისა და გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ფონზე უნდა ჩატარდეს.

ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული კომიტეტის საგანგებო სხდომა ბოლოს 2022 წლის თებერვალში, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გამართა და რეფინანსირების განაკვეთი 20%-მდე გაზარდა. წლის მეორე ნახევარში, ინფლაციის რისკების შემცირებასთან ერთად, განაკვეთი 7.5%-მდე შეამცირა. მიმდინარე წლის ივლისში კი, 100 საბაზისო პუნქტით 8.5%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯერ კიდევ სამიზნე 4%-იან მაჩვენებელზე მაღალია. ბოლო სამი თვის განმავლობაში ფასების ზრდამ საშუალოდ 7.6% შეადგინა.

Sovcombank-ის მთავარი ანალიტიკოსი, მიხაილ ვასილიევი სექტორის მოლოდინზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის 12%-იანი ნიშნული წლის ბოლომდე შენარჩუნდება და მხოლოდ შემდეგ წელს, ინფლაციის შენელების ფონზე, შემცირდება.