LIVE

უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

21 ივლ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, რუსეთმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსეთმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველი შემთხვევაა. 

ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 7.5%-დან 8.5%-მდე გაზარდა და შემდგომ ზრდაზე მიუთითა. 

შედეგმა გადააჭარბა ეკონომისტების პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელი იყო განაკვეთის 25-75 საბაზისო პუნქტით გაზრდა. 

"რუსეთის ბანკი ღიაა მომდევნო შეხვედრებზე რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ზრდისთვის, რათა დასტაბილურდეს ინფლაცია 2024 წელს 4%-მდე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თან ახლავს გადაწყვეტილებას. 

ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა ოდნავ გააუარესა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი: 2023 წელს ის 5-6.5%-იან ინფლაციას, ხოლო 2024 წელს მის 4%-მდე ზრდას ელის. ამ დრომდე ბანკი მიმდინარე წელს 4.5-6.5%-იან ინფლაციას ელოდა.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შესახებ განცხადების შემდეგ რუბლი აშშ დოლართან მიმართებით 0.2%-ით გამყარდა. რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებით, წელს 18%-ზე მეტად გაუფასურდა, რაც განვითარებადი ბაზრის ვალუტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. რუბლის გაუფასურებამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დააჩქარა.  

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ რუბლის მცურავ კურსს ეკონომიკისთვის "დალოცვა" უწოდა, რუბლის გაუფასურება აძვირებს იმპორტს.  

ინფლაციისა და არასტაბილური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის ცვლილების მოლოდინში, ინვესტორებმა ცოტა ხნის წინ რუბლში დენომინირებული სამთავრობო ობლიგაციები გაყიდეს.