
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივლისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 23.8%-ით გაიზარდა, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი კი თურქეთია.
აღნიშნულ პერიოდში, ელექტროენერგიამ საქართველოს მთლიან ექსპორტში 2.2%-იანი წილით, მე-7 ადგილი დაიკავა. ექსპორტზე გასული ელექტროენერგიის ჯამურმა ღირებულებამ $80 მილიონი შეადგინა, საიდანაც $70 მილიონი თურქეთზე მოდის.
Galt&Tagart-ის თანახმად, ელექტროენერგიაზე მზარდ მოთხოვნას თურქეთის ბაზარზე შენარჩუნებული მაღალი ფასები განაპირობებს.
უფრო დეტალურად, საქართველოს მიერ 7 თვეში ექსპორტირებული ელექტროენერგიიდან მიღებული შემოსავალი ასე ნაწილდება:
- თურქეთი - $70 მილიონ 860 ათასი;
- სომხეთი - $3 მილიონ 922 ათასი;
- აზერბაიჯანი - $3 მილიონ 842 ათასი;
- რუსეთი - $6.9 ათასი.
რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველ 7 თვეში საქართველომ $810 ათასის ღირებულების ელექტროენერგია რუსეთისგან და აზერბაიჯანისგან შეიძინა. აქედან უდიდესი წილი - $657 ათასი რუსეთზე მოდის.