LIVE

წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 21.4%-ით გაიზარდა - Galt&Taggart

29 ივლ 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 439
წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 21.4%-ით გაიზარდა - Galt&Taggart

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 21.4%-ით გაიზარდა. Galt&Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, წლიური საშუალო ფასი 19.6%-ით არის შემცირებული, თუმცა თურქეთიდან გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებით, საექსპორტო შემოსავალი მხოლოდ 2.4%-ით შემცირდა და $53.3 მილიონი შეადგინა.

Galt&Taggart-ის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის შემცირებამ და თბოსადგურების მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ექსპორტის აპრილში დაწყება და საექსპორტო მოცულობის გაზრდა. ელექტროენერგიაზე მზარდ მოთხოვნას თურქეთის ბაზარზე შენარჩუნებული მაღალი ფასები განაპირობებს. ამ წლის პირველ ნახევარში თურქეთმა საქართველოდან 2.1 ტვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო, საიდანაც 0.8 ტვტ.სთ ქართული გენერაციის ობიექტებიდან იყო, 1.5 ტვტ.სთ კი ტრანზიტი მეზობელი ქვეყნებიდან. საექსპორტო საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე 6.9 ცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივ გენერაციას, 2023 წლის პირველ ნახევარში გენერაციის უდიდესი წილი 69.7%, გამომუშავების 3.6%-იანი შემცირების მიუხედავად, ჰიდროენერგიაზე მოდიოდა. გენერაციის 21.9% თბოსადგურების ენერგიამ შეადგინა, რომელთა გამომუშავება წლიურად 12.8%-ით არის გაზრდილი. ქარის სადგურების გამომუშავებამ კი გასულ წელთან შედარებით 7.7%-ით მოიმატა და ადგილობრივი გენერაციის 0.6% მოიცვა.

მიმოხილვის მიხედვით, ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება მიმდინარე ტენდენციების ფონზე და თბოსადგურების გენერაციის მხარდაჭერით.