LIVE

II კვარტალში საერთაშორისო სარკინიგზო ტვირთის 53.2% რუსეთიდან შემოვიდა

18 აგვ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 335
II კვარტალში საერთაშორისო სარკინიგზო ტვირთის 53.2% რუსეთიდან შემოვიდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო სარკინიგზო ტვირთის 53.2% რუსეთიდან შემოვიდა. 

სხვა ქვეყნების შემთხვევაში კი მონაცემები ასე გადანაწილდა:

  • აზერბაიჯანი - 26.7%;
  • თურქმენეთი - 3.3%;
  • რუმინეთი - 2.6%;
  • თურქეთი - 2.3%;
  • სხვა - 2.5%.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, გასული კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელში რუსეთის წილი 70.3% იყო, ხოლო 2022-ის მთლიანი წლის მონაცემებით, რუსეთიდან გადაზიდვებმა მოცულობის 41.1% შეადგინა.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში საერთო მოცულობის 29.2% ანუ 318 600 ტონა ქვეყნიდან გატანილი ტვირთი იყო, ხოლო 70.8% ანუ 773 400 ტონა - ქვეყანაში შემოტანილი.

საერთაშორისო გადაზიდვა 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით გადატანილი ჯამური მოცულობის ტვირთის 31.2% იყო. ყველაზე დიდი წილი - 58.1% ტრანზიტზე მოდიოდა, ხოლო ადგილობრივმა გადაზიდვამ 10.7% შეადგინა. 

რკინიგზით გადატანილი ტვირთის საერთო მოცულობამ II კვარტალში 3.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ რკინიგზით ტვირთზიდვა განსაკუთრებით გაიზარდა სწორედ 2022 წლის მეორე კვარტლიდან (3.8 მლნ ტონა), რითაც პრეპანდემიური წლების საშუალო მაჩვენებელსაც (2.5 მლნ ტონა) გადაუსწრო.

გადატანილი ტვირთის კატეგორიებში 29.6%-ით მოწინავეა ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი; 23.6%-იანი წილი მოდის ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 14.1%- საკვები პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

რაც შეეხება მგზავრების სტატისტიკას, II კვარტალში საქართველოს რკინიგზით 568 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. მთლიანი მიმოსვლის 98.5% ადგილობრივ გადაადგილებაზე მოდის, საერთაშორისო მიმოსვლის 1.5%-იანმა წილმა კი 8 700 მგზავრი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით არის შემცირებული.