LIVE

7 თვეში ქუთაისის აეროპორტით 856 646-მა მგზავრმა ისარგებლა

16 აგვ 202317:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 301
7 თვეში ქუთაისის აეროპორტით 856 646-მა მგზავრმა ისარგებლა

2023 წლის იანვარ-ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 856 646 მგზავრს მოემსახურა. 7 თვის მონაცემები, პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელ 90%-ით აღემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში, 7 თვეში მგზავრთნაკადის რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა.

მათივე განმარტებით, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა იანვარ-ივლისში განხორციელებული რეისების რაოდენობა. 7 თვეში ქუთაისის აეროპორტი 2 590 რეისს მოემსახურა. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 76%-ითაა გაზრდილი.  

რაც შეეხება მხოლოდ ივლისის მონაცემებს, გასულ თვეში ქუთაისის აეროპორტით 189 166-მა მგზავრმა ისარგებლა. აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა რეკორდულია და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 123%-ითაა გაზრდილი.  

მგზავრთნაკადის გარდა, ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. აეროპორტში 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 94%-ით, 517 რეისამდე გაიზარდა.

ამჟამად ქუთაისის აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.

ინფორმაციისთვის, 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.