Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა. ამასთან, აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიამ ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბრიუსელის, მადრიდისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყო.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი 5 ახალი მიმართულებით, ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელთან შედარებით, მიმართულებები სრულად აღდგა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air-ი საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება.
აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხის გაზრდაზე. ჩვენ არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. ეს დღე ჩვენს მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს რომ აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.
ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზზე, მილანზე, პრაღასა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო დაემატება.