LIVE

სასამართლომ TKT-ს კინოთეატრების ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი შეუჩერა

09 აგვ 202310:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 638
სასამართლომ TKT-ს კინოთეატრების ბილეთების გაყიდვის ექსკლუზივი შეუჩერა

კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა.

შედეგად, მოკვლევის დასრულებამდე, შეჩერდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც „თინეთი“ (tkt.ge) 2 წლის განმავლობაში კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ექსკლუზიურ უფლებას იღებდა.

აღსანიშნავია, რომ მოკვლევა Biletebi.ge-ს საჩივრისა საფუძველზე მიმდინარეობს.

"სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულებამდე, სასამართლოს ბრძანებით შეჩერდა - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის 2022 წლის 31 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი „ექსკლუზივის“ პირობა.

აღნიშნული პირობის მიხედვით, „სადისტრიბუციო კომპანია“ შპს „თინეთს“, 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით, და ამავდროულად, იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა აღნიშნული კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა.

შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს მოკვლევა  - შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო დარღვევის ფაქტსა და შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“, შპს „თინეთის“, სს „თიბისი ბანკის“ და TBC Bank Group PLC-ს შესაძლო კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტზე“, - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში Biletebi.ge-ს (შპს ელ.ბილეთები) დირექტორმა განაცხადა, რომ თიბისი ბანკის მფლობელობაში არსებული TKT-ის მიერ გაყიდვების ექსკლუზივის მოპოვების გამო, Biletebi.ge კინოთეატრის ბილეთებს ვეღარ ყიდდა. დავით მიზანდარი არაჯანსაღი კონკურენციის პრობლემაზე მიუთითებდა.