Biletebi.ge კინოთეატრის ბილეთებს ვეღარ ყიდის. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი, დავით მიზანდარი სოციალურ ქსელში წერს, მიზეზი თიბისი ბანკის მფლობელობაში არსებული TKT-ის მიერ გაყიდვების ექსკლუზივის მოპოვებაა.
დავით მიზანდარი თიბისის მხრიდან შექმნილ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს.
"თიბისის შვილობილი კომპანია - TKT, რომლის უკვე 100%-იანი ბატონ-პატრონი თიბისი გახდა, საბილეთო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის მაგივრად, რისი მიღწევაც შეუძლია მრავალი მარკეტინგული აქტივობით, ბანკის ფულადი რესურსების ხარჯზე იღებს ბილეთების ექსკლუზიური გაყიდვის უფლებას, ყველანაირი ტენდერის ანდა ფასთა მოკვლევის გარეშე. სქემა მარტივია, ბანკი ასპონსორებს ორგანიზაციას, ხოლო TKT იღებს გაყიდვების ექსკლუზივს.
ამჯერად, ჩვენ, Biletebi.ge-ს თიბისიმ შეგვიჩერა კინოთეატრების გაყიდვა და თვითონ აიღო ექსკლუზიური უფლება ონლაინ რეალიზაციაზე ზემოთ ხსენებული სქემით. ჩვენთან კინოები გუშინ გამოირთო....
Biletebi.ge-შევქმენით 2008-წელს, როდესაც საქართველოში სიტყვა „სტარტაპი“ არ არსებობდა, არც დაფინანსება, არც ინტერნეტი იყო ასე გავრცელებული, არც სმარტფონები და საბანკო ბარათიც იშვიათად თუ ვინმეს ჰქონდა. საკუთარი ხელფასებით და ყველა შესაძლო რესურსებით ვაშენებდით ამ საბილეთო ინდუსტრიას. 6 წელი დაგვჭირდა ამისთვის, რომ პირველი რეალური ნაბიჯები გადაგვედგა და მომხმარებელი მიგვეჩვია ონლაინ შეძენას, რაც დღეს ჩვეულებრივი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.
მაშინ მხოლოდ ქართუ ბანკს ჰქონდა ელ.კომერციის მოდული და რუსთაველის თეატრის და კინოს გაყიდვები 2009-2010 წლიდან დავიწყეთ, შემდეგ თიბისისთან კომუნიკაციით და ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, თიბისის ელ.კომერციის მოდულის დახვეწა/მოდიფიკაციაში ჩვენი წვლილიც კი შევიტანეთ რომ გამართულად ემუშავა საბილეთო პლატფორმებზე.
ყველანაირ გზას მივმართავ იმისათვის, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნო ამ სარეველა წარმონაქმნისგან!",- წერს მიზანდარი სოციალურ ქსელში.