LIVE

ინდოეთი კომპიუტერული ტექნიკის იმპორტზე ლიცენზიას მოითხოვს

19 აგვ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
ინდოეთი კომპიუტერული ტექნიკის იმპორტზე ლიცენზიას მოითხოვს

ინდოეთი ლეპტოპების, ტაბლეტებისა და პერსონალური კომპიუტერების იმპორტზე ლიცენზიის მოთხოვნას დააწესებს. ამჟამინდელი რეგულაციებით კომპანიებს ინდოეთში კომპიუტერული ტექნიკის შეტანა თავისუფლად შეუძლიათ, რაც მალე ადგილობრივი წარმოების დაცვის მოტივით შეიზღუდება.

იმპორტზე ლიცენზიის მოთხოვნა დიდ ზიანს მიაყენებს ისეთ საერთაშორისო მწარმოებლებს, როგორებიც Apple-ი, Dell-ი და Samsung-ი არიან. აღნიშნულ კომპანიებს აქამდე თავიანთი პროდუქცია ქვეყანაში იმპორტით შეჰქონდათ. ამიერიდან კი ისინი იძულებულნი გახდებიან, გაზარდონ ადგილობრივი წარმოება. 

ამას გარდა, ლიცენზიის მოთხოვნა კომპანიების მიერ გამოშვებული ახალი მოდელების ქვეყანაში შეტანას შეაყოვნებს. 

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ინდოეთის მთავრობას დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია. მიუხედავად ამისა, პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა ზოგადად ცნობილია ადგილობრივი წარმოების ხელშემწყობი და იმპორტის შემზღუდავი პოლიტიკით, რომლის საფუძველი Make in India-ს (ინდოეთში დამზადების) სტიმულირებაა.

ინდოეთში ელექტრონული ტექნიკის იმპორტმა მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისის პერიოდში $19.7 მილიარდი შეადგინა, რაც 6.25%-ით მეტი იყო გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. ახალი ინიციატივის შემდეგ ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, შემცირდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული ტექნიკა ინდოეთში იმპორტით შესული პროდუქტის 1.5%-ს შეადგენს. იმპორტი კი ძირითადად ჩინეთიდან ხორციელდება.