LIVE

წელს იმპორტირებული ელექტროენერგია მხოლოდ აფხაზეთმა მოიხმარა - G&T

05 აგვ 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 336
წელს იმპორტირებული ელექტროენერგია მხოლოდ აფხაზეთმა მოიხმარა - G&T

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა და ფასი დაბალი იყო. Galt & Taggart-ის მონაცემებით, 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგია წლიურად 48.9%-ით შემცირდა. იმპორტირებული ენერგიის ერთადერთი მომხმარებელი კი აფხაზეთი იყო, რომელიც ელექტროენერგიას რუსეთიდან სპეციალურ ფასად (0.1 ცენტი კვტ.სთ-ზე) იღებს.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კომერციული იმპორტი შედარებით იაფი თბოგენერაციით ჩანაცვლდა, რამაც საერთო გენერაციის 21.9% შეადგინა.

2023 წლის პირველ ნახევარში ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობაში იმპორტის წილმა 7.8% შეადგინა (0.6 ტვტ.სთ). მაშინ როდესაც, ელექტროენერგიის იმპორტის წილი 2019-2021 წლებში საშუალოდ 16.7%-ს იყო. გადასვლა იმპორტიდან თბოგენერაციაზე ძირითადად ფასთა შორის არსებული სხვაობით აიხსნება. ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 7.0-7.5 ცენტის ფარგლებში იყო, ხოლო თბოგენერაციის ფასი კვტ.სთზე 3.3-5.4 ცენტის დიაპაზონში მერყეობდა. წლის პირველ ნახევარში იმპორტის ხარჯი მხოლოდ 0.8 მლნ აშშ დოლარი იყო.

საქართველომ თბოგენერაციაზე დაბალი ფასის შენარჩუნება ე.წ. „სოციალური გაზის“ მეშვეობით მოახერხა, რომელსაც ქვეყანა ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარების საფასურად იღებს. 

საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა 2023 წლის პირველ ნახევარში. ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტმა 2023 წლის პირველ ნახევარში 51.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.7-ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია იმპორტის ზრდა, რის შედეგადაც საქართველო 2023 წელს 0.6 ტვტ.სთ წმინდა იმპორტით დახურავს.