LIVE

გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში? - იმპორტიორების მოლოდინი

03 აგვ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 722

ნავთობიმპორტიორების ნაწილი საწვავის ფასის რეკორდულ ზრდას აღარ ელის, თუმცა ფიქრობენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ფასები მცირედით მოიმატებს. 

თითქმის ორი თვეა, რაც საწვავი ძვირდება და რეგულარის ტიპის საწვავზე 10-დან 20 თეთრის დიაპაზონში ზრდა ტაბლოებზეც შესამჩნევია. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ბოლო 6 თვეში ქვეყანაში მოხმარებული საწვავის 81% რუსულია, ბოლო პერიოდში საწვავის ფასის ზრდა კი რუსეთიდან მოწოდების შეფერხებას უკავშირდება. კერძოდ, რუსეთში საწვავის ექსპორტზე გადასახადის დაწესება ტონაზე ფასს საშუალოდ $50-დან $80-მდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ ამის მიუხედავად, რუსული საწვავი მაინც ევროპულზე იაფი რჩება.

"საწვავი კიდევ გაძვირდება, შესაძლოა, ეს დიდი ზრდა არ იყოს თუმცა სექტემბრამდე მაინც მოსალოდნელია რამდენიმე თეთრიანი მატება"- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ნავთობ თრეიდერი, გიორგი კაპანაძე.

საქსტატის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებში რუსეთის წილი 65% იყო. თანაც, წელს ამავე პერიოდში, რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავში 74.6%-ით მეტი გადავიხადეთ, რაოდენობრივად კი გასულ წელთან შედარებით, ორჯერ მეტი შევიძინეთ - 462 ათასი ტონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ორი თვეა, რაც მსხვილი ბრენდირებული და ე.წ. არა ბრენდირებული კომპანიების რეგულარის ტიპის საწვავის ფასი პრაქტიკულად ერთმანეთს გაუთანაბრდა და ზოგიერთ შემთხვევაში ბრენდირებულზე უფრო მაღალი ფასიც კი ფიქსირდება, რაც იმას აჩვენებს, რომ ბაზარზე იაფი ალტერნატივა ნელ-ნელა ქრება. როგორც ბიზნესი აღნიშნავს, ეს რუსეთიდან შემოტანილი მცირე მარაგების გავლენაა.