LIVE

TikTok-ს პოსტის დაწერის ფუნქცია ემატება

25 ივლ 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 355
TikTok-ს პოსტის დაწერის ფუნქცია ემატება

TikTok-ი სიახლეს აანონსებს, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს პლატფორმაზე ტექსტის სახის პოსტების განთავსება შეეძლებათ. ვიდეო სტრიმინგის აპლიკაციის განცხადებით, ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს „განსხვავებული გზებით გამოხატონ თავიანთი თავი“.

ეს განცხადება ვრცელდება სოციალურ ქსელებს შორის კონკურენციის გამძაფრების ფონზე. მას შემდეგ, რაც Facebook-ის მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა Twitter-ის პირდაპირი კონკურენტი, Threads შექმნა, განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა მასსა და ილონ მასკს შორის. გუშინ კი მასკმა Twitter-ის ბრენდი სრულად შეცვალა და ტრადიციული და ყველასთვის ცნობილი ცისფერი ჩიტი, შავ-თეთრი X-ის ლოგოთი ჩაანაცვლა. ამ დაპირისპირების ფონზე, სხვა სოციალური ქსელები, როგორიცაა TikTok-ი, ახალი ფუნქციებით, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ცდილობენ.

TikTok-ზე ამიერიდან სამი ტიპის პოსტების - ტექსტური, ფოტო და ვიდეო - განთავსება იქნება შესაძლებელი. მომხმარებელი შეძლებს, ახალი ტიპის პოსტებს დაურთოს ადგილმდებარეობა ან ფონური მელოდია.

„ამ ფუნქციების საშუალებით, თქვენი ტექსტური პოსტები ისეთივე დინამიკური იქნება, როგორც ფოტო ან ვიდეო პოსტი“, - აღნიშნულია TikTok-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, TikTok-ს მფლობელმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მა ახლახან შექმნა მუსიკის მოსასმენი პლატფორმა - TikTok Music, რომელიც Spotify-ს და Apple Music-ის მსგავსი აპლიკაციაა. ის ხელმისაწვდომია ინდონეზიასა და მექსიკაში, ერთი კვირის წინ კი ბეტა ვერსია ამოქმედდა სინგაპურში, მექსიკასა და ავსტრალიაში.

„ახალი აპლიკაციის მომხმარებლები შეძლებენ მოუსმინონ და გადმოწერონ ის სიმღერები, რომლებიც TikTok-ზე აღმოაჩინეს და გაუზიარონ თავიანთ აუდიტორიას“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ TikTok 2021 წელს ყველაზე პოპულარულ აპლიკაციად იქცა, რომელმაც მსოფლიოს გარშემო 1 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია.