LIVE

მასკი: დროა, Twitter-ის ლოგოს დავემშვიდობოთ

24 ივლ 202313:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 292
მასკი: დროა, Twitter-ის ლოგოს დავემშვიდობოთ

Twitter-ის ცნობილი ლოგო, რომელზეც ჩიტია გამოსახული, "X" სიმბოლოთი იცვლება.  

ამჟამად x.com-ის აკრეფით, მომხმარებელი ხვდება Twitter-ის ვებგვერდზე, სადაც ძველი ლოგო ახლითაა ჩანაცვლებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმის მილიარდერ მფლობელს, ილონ მასკს სურს შექმნას ჩინური WeChat-ის მსგავსი "სუპერ აპლიკაცია", რომელსაც "X" ერქმევა. 

"მალე დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათანობით, ყველა ფრინველს",- თქვა მასკმა. 

ამის შემდეგ მასკმა Twitter-ზე მოციმციმე "X"-ის ფოტო გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი Twitter Spaces-ის აუდიო ჩატში კითხვაზე, შეიცვლება თუ არა Twitter-ის ლოგო, უპასუხა, რომ "ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო". 

კომპანიის ახლანდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ პლატფორმაზე დაწერა, რომ Twitter-ის რებრენდი ახალი საინტერესო შესაძლებლობა იყო. 

"Twitter-მა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და შეცვალა ჩვენი კომუნიკაციის გზა. ახლა X უფრო შორს წავა, გარდაქმნის გლობალურ სივრცეს", - წერს იაკარინო.

მასკმა მიმდინარე წელს Twitter-ის ლოგო დროებით, Dogecoin-ის სიმბოლო შიბა ინუთი შეცვალა. ლოგოს ჩანაცვლებით, მასკი გამოეხმაურა ძველ ხუმრობას, როდესაც ერთმა მომხმარებელმა მას ურჩია, რომ ეყიდა Twitter და ჩიტის გამოსახულება ძაღლით შეეცვალა. "როგორც დაგპირდით",- დაწერა მაშინ მასკმა.  

გასული წლის ოქტომბერში, Twitter-ის ყიდვის შემდეგ, მასკმა კომპანიის ოფიციალური სახელწოდება X Corp-ით შეცვალა.